დიპლომატია რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ

უკრაინის აღმოსავლეთი დაძაბულობის ეპიცენტრად რჩება.

ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმები და პროვოკაციები არ წყდება. მსოფლიო ლიდერებს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების დიდი რაოდენობა აშფოთებთ. ომის დაწყებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის და ნატოს პროგნოზები სულ უფრო მძიმდება. დასავლეთი 2014 წლის სცენარის და კიდევ ერთი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად დიპლომატიურ გზებს ეძებს და მოსკოვს მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევს. შექმნილ დაძაბულ ვითარებაში ყველა ინტერესით ელოდება, გაიმართება თუ არა ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების სამიტი, რომლის ინიციატორი და შუამავალი საფრანგეთის პირველი პირია. ბაიდენი პუტინთან შესახვედრად პირობას აყენებს. თავის მხრივ კიევი დასავლეთს რუსეთის მიმართ გამაფრთხილებელი მკაცრი გზავნილების გარდა კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლისკენ და სანქციების უკვე ამოქმედებისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა ფორმატის შეხვედრა უკრაინის კრიზისს ეხება.