დიმიტრი პესკოვი თბილისში გამართულ აქციებს აფასებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი თბილისში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს რუსოფობიურ პროვოკაციას უწოდებს, რომელიც მოსკოვის შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იტყობინება.

„ყველაფერი, რაც გუშინ საქართველოში ხდებოდა, არაფერია სხვა, გარდა რუსოფობიური პროვოკაციის. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას არ იწვევდეს ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ იყო აგრესიული გამოვლინებები“, – განაცხადა პეკსოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„რუსოფობიის მსგავსი გამოვლინებები ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც რეგულარულად სტუმრობს რუსეთიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი. ეს უკიდურესად სერიოზული საკითხია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.