თბილისში, დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთ დაჭრილს, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურია იმ დაჭრილის მდგომარეობა, რომელიც გერმანულ ჰოსპიტალშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში „მოამბეს“ განუცხადეს, პაციენტი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.