ინციდენტი არაყიშვილის ქუჩაზე

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი მათგანი უკვე გაწერეს ბინაზე, ხოლო მეორეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მკურნალობას პალატაში განაგრძობს. ორივე მათგანს ჭრილობები კიდურების არეში ჰქონდა მიყენებული. თავდასხმის სავარაუდო მოტივს გამოძიება ადგენს. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოპედით მოძრავმა ორმა პირმა ორი ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი ტყვია გაისროლა. მათ 25 წლამდე ასაკის ორი კაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე და ავტომობილში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს. მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. დანაშაულის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ჩანაწერები, დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ჩაფხუტებითა და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ.