დიდთოვლობას და მისგან გამოწვეულ შედეგებს სხვადასხვა ხერხებით ებრძოდნენ და ახლაც ებრძვიან მოხალისეები. გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის მიუვალ სოფლებში სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წევრები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ადგილობრივებს პირველადი დახმარება გაუწიეს. გამოცდილების არ ქონის მიუხედავად, სოციალური ქსელების საშუალებით თუ პირადი კონტაქტების გაცვლით, შეიქმნა ჯგუფები, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა. მოხალისეები გურიის სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ- ასუფთავებდნენ გზებს და სახლების ეზოებს. ასევე აწვდიან საკვებსა და წამლებს. ჩვენ ბოლო წლებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის არაერთი მაგალითი ვნახეთ, ახლა უკვე მათ რიგებშია დიდთოვლობასთან ბრძოლაც. თქვენ ახლა ეკრანებზე თვალს ადევნებთ ფოტოებს, რომლებიც მოხალისეებმა თავად გადაიღეს.
გურიის მუნიციპალიტეტს 24 თებერვლის შემდეგ ეხმარებიან ქართველი ოფროუდერები. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მაშველებთან კოორდინირებულად მუშაობენ და მიუვალ სოფლებში ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ. ჯგუფის წევრები რეაგირებენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებზეც. „ოფროუდ კლუბის“ წარმომადგენლებს განსაკუთრებით რთული მისია ჰქონდათ მაშინ, როცა სოფლებამდე მისასვლელ გზას მაღალი გამავლობის ავტომანქანებით თავად იკვალავდნენ.