დიდთოვლობა გურიაში 

გურია სტიქიის ზონად რჩება.

რეგიონში ახლა აღარ თოვს, რაც სამაშველო ოპერაციებს და გზების წმენდას აადვილებს. ხილვადობის პრობლემა მოხსნილია, დღის ბოლოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩართეს. მაღალმთიანი სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები გაჭრილია, თუმცა რამდენიმე ათეული დასახლება ჯერ ისევ გარესამყაროს მოწყვეტილია. ამ მომენტისთვის მთავარი ყურადღება სწორედ რაიონულ ცენტრს მოწყვეტილი სოფლებისკენაა მიმართული. მთავარი ამოცანა პირველადი დახმარების ნივთების და საკვები პროდუქტების მიწოდებაა, საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენებით იქ მყოფი ადამიანების გამოყვანაც მოხდება. სამაშველო ბრიგადებთან და ექვს მიმართულებაზე გადანაწილებულ თავდაცვის ძალებთან ერთად ადგილობრივების დახმარების პროცესში მონაწილეობენ მოხალისეებიც. სამუშაოები რთულად შესასრულებელია, რადგან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს. ენერგომომარაგებაში კვლავ პრობლემებია. რამდენიმე ათას აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა 5 000-მდე აბონენტი კვლავ დენის გარეშე რჩება. გურიაში ინტენსიური ნალექის შედეგად დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენას ადგილობრივი და დამატებითი ბრიგადები ცდილობენ.