დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ჩინჩალაძე და მურუსიძე შეიყვანეს ე.წ. გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების დამრღვევ პირთა სიაში. ამ სიაში მყოფ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება კი სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან ან იყვნენ ჩართულები სერიოზულ კორუფციაში და არასათანადოდ გამოიყენეს თავიანთი გავლენები.