„დიდი შვიდეულის“ სამიტი

დღეს გერმანიის ბავარიის რეგიონში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყება, რომელშიც აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის და კანადის ლიდერები, ასევე ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტი 26-28 ივნისს, ციხესიმაგრე ელმაუში გაიმართება. ლიდერების ნაწილი უკვე ჩავიდა გერმანიაში. 27 ივნისს სამიტში მონაწილეობას, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს. ლიდერები უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიას და უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის, ასევე რუსეთისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, განხილული იქნება კლიმატის ცვლილებებთან, საკვების უსაფრთხოებასთან, გლობალურ ჯანდაცვასთან, ენერგორესურსებზე ფასების ზრდასა და დემოკრატიის მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხები.