განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ამერიკაში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მილიონი დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი გაათეთრეს. სასჯელი ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.