დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი რამაზ ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

2017 წლის 30 ნოემბერს, აღნიშნულმა პირმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე.