დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები

გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, სანქცირებულთა განახლებული სია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე მოხვდა.

სანქცირებულთა შორის არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე. აღნიშნულ პირებს გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები, აქამდე საქართველოს შვიდ მოქალაქეს დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

„100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ. დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას იქამდე, ვიდრე საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას, ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.