დიდგორობის დღესასწაული 

ქვეყანა ისტორიულ თარიღს აღნიშნავს. საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ბრძოლიდან დღეს 898 წელი შესრულდა. დიდგორობა წელსაც მასშტაბურად აღინიშნება. დილიდან ქვემო ქართლში სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება.

დღემ, რომელიც ქართული სახელმწიფოს და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ არის ქცეული, კულტურული და სპორტული აქტივობების ფონზე ჩაიარა. 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის მეთაურობით 56 000-კაციანმა ლაშქარმა თურქ-სელჩუკთა 300 000-იანი არმია დაამარცხა.

მტერთან რამდენიმესაათიანი უთანასწორო ბრძოლა ორი მხრიდან შეტევით დაიწყო და ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. სამხედრო ტაქტიკური პრინციპით და ქართველთა თავგანწირვით გამორჩეული ომის გასახსენებლად დღეს დიდგორში ძველი საბრძოლო ტრადიციებიც გააცოცხლეს.