დეპუტატების ნაწილის ხედვა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით

როგორ უნდა დაეხმაროს საქართველო უკრაინას, – ამ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, შეუერთდნენ საერთაშორისო პეტიციას, რომელიც ითხოვს ნატო-ს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს მშვიდობისმყოფელების განლაგებას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამავდროულად ქმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც გამოავლენს სოციალურ სივრცეში რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელ ყველა წყაროს, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული ომის წარმოებას ხელი შეეშალოს. „გირჩი“ კი თვლის, რომ საქართველომ რუსეთისათვის საჰაერო სივრცე უნდა დაკეტოს. „ქართულ ოცნებაში“ კი, ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიურ ჩართულობაზე საუბრობენ და ასევე ამბობენ, რომ საქართველოს პოზიციების შესახებ სპეკულაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებული უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტების ხელმოწერით დასრულდა.