დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში იგზავნება

ევროკომისიის ყველაზე სადავო რეკომენდაციის გარშემო პოლიტიკური მღელვარება არ ცხრება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განხილვამდე ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიზეზად ევროპელი პარტნიორების თხოვნას ასახელებს. ახლა საინტერესოა, რა დასკვნას წარმოადგენს კომისია პროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის დადებითი შეფასების არგუმენტით პირდაპირ უკრაინული კანონმდებლობიდან თარგმნა. ხელისუფლება ევროპელი ექსპერტებისგან სამართლებრივ დასკვნას ელოდება, ოპონენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ ვენეციის კომისია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გაითვალისწინებს და დასკვნას თან არაერთ შენიშვნას დაურთავს. დასკვნის გამოგზავნამდე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნედ რჩება.