დეოლიგარქიზაციის კანონი - ვენეციის კომისიის პოზიცია

ევროკომისიის მეხუთე პუნქტის გარშემო პოლიტიკური უთანხმოება მძაფრდება.

ვენეციის კომისია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს იწუნებს. მთავარი გზავნილია, რომ ოლიგარქიის პრობლემასთან საბრძოლველად პერსონების იდენტიფიცირების და პერსონალური ზომების გამოყენების ნაცვლად საჭიროა სისტემური მიდგომა და რეფორმები. იგულისხმება კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება, მედიის პლურალიზმის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების რეფორმირება და პარტიების დაფინანსების წესების კონტროლი. მმართველი გუნდის პროექტში, რომელიც უკრაინული კანონის თარგმანია, ვენეციის კომისია პოლიტიკური ოპონენტების დევნის რისკებსაც ხედავს. თბილისში გამოგზავნილი დასკვნა ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლების კანონპროექტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას ვერ პასუხობს. „ქართული ოცნება“ კი ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის შეუსაბამობაზე მიუთითებს. ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებული კანონპროექტი დღის ბოლოს მეორე მოსმენით განიხილეს და მიიღეს, თუმცა მმართველი გუნდი მზადაა, გარკვეული პირობით კანონის ამოქმედებაზე უარი თქვას.