„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ რეზოლუცია

91 მომხრე, არც ერთი – წინააღმდეგი, – პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ” რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინიციატივითა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, ერთობლივად მომზადდა. რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი – ოკუპაცია კი, ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევაა. „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ რეზოლუციით, პარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჩეროს. საერთაშორისო თანამეგობრობას კი მიმართავს, რუსეთის უკანონ ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმოს და საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში. დეპუტატების განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დეოკუპაციის საკითხზე დამტკიცებული რეზოლუცია, პარლამენტის ერთიანი ხედვისა და პოლიტიკური პარტიების ერთსულოვნების წარმოსაჩენად კარგი შესაძლებლობაა.