დედაენის დღე საქართველოში

დღე, რომელმაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. 14 აპრილი დედა ენის დღეა. 41 წლის წინანდელი მოვლენების აღსანიშნად, ღონისძიებები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა.

ჩატარდება მთელი კვირეული, რომელიც ოფიციალურად უკვე გახსნილია. სტუმრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ადგილი, სადაც 1978 წელს ქართველი სტუდენტები მშობლიური ენის დაცვას ცდილობდნენ, დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს მასპინძლობს.

დღევანდელი თარიღის აღსანიშნად ახალქალაქში ჩავიდა პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ქართული ანბანით მოხატული პანო საზეიმოდ გახსნა და ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.