ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს საკითხზე გამართული დებატები შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები კეთდება ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყნის გარედან გაგონილი ხმა და შეფასებები მნიშვნელოვანია და საჭიროა ქართველმა ხალხმა დაინახოს, რომ საქართველოს მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით აღშფოთებულები არიან. მმართველ გუნდში კი გამართულ დებატებზე ამბობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები საქართველოს შანტაჟს ემსახურება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებმა ევროპის სახალხო პარტიიდან და სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფიდან საქართველოში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. მათ შეშფოთება გამოთქვეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების გამო და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. დებატების მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის შეზღუდვაში და ავტორიტარიზმისკენ გადახრაში დაადანაშაულეს. განხილვას საქართველოდან ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.