ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტში რამდენიმე შესწორება შევიდა, თუმცა ძირითადი საკითხები უცვლელი დარჩა. „პასე“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიის უკუსვლად აცხადებს. დოკუმენტში დაგმობილია გრანტებისა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება და მკაცრად არის დაგმობილი მზია ამაღლობელის, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა. მიღებული კანონების გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასამბლეაზე დებატების დროსაც გააკრიტიკეს. თუმცა გამომსვლელთა ნაწილმა ოფიციალური თბილისისადმი ევროკავშირის პოლიტიკა დაგმო და ბრიუსელი უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
გზავნილებს მწვავე რეაქცია მოჰყვა თბილისში, მმართველი გუნდი რეზოლუციის ტექსტს „რეალობას აცდენილს“ უწოდებს და ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.