დებატები ევროპარლამენტში – შეფასებები თბილისში 

21:22, 12.03.2026

ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

თბილისის მისამართით ახალი მოთხოვნები ისმის. მმართველი გუნდის მისამართით მძიმე შინაარსის განცხადებები იკითხება 438 დეპუტატის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში. „ელენე ხოშტარიას საქმის და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ – ასეა დასათაურებული რეზოლუცია, რომლის მხარდაჭერაზე 37-მა ევროპარლამენტარმა უარი თქვა, 81-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციით დეპუტატები ითხოვენ ბოლო პერიოდში მიღებული კანონების გაუქმებას, პატიმრების გათავისუფლებას და 2024 წლის ბოლოს მიმდინარე აქციებზე გამოძიების ჩატარებას იმის დასადგენად, იყო თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი. ევროპარლამენტართა ნაწილი „ქართულ ოცნებას“ ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებში, მედიის და სამოქალაქო სექტორის დევნასა და გასხვავებული აზრის ჩახშობაში ადანაშაულებენ. წინა შემთხვევების მსგავსად, რეზოლუციის ავტორებს არც ამჯერად დავიწყებიათ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პოლიტიკურ მძევლად მიიჩნევენ. ძალაში რჩება მაღალჩინოსნების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების მოთხოვნაც. დებატების დროს გაკეთდა საპირისპირო განცხადებებიც, რა დროსაც რეზოლუციის მოთხოვნები პოლიტიკურ ზეწოლად და მუქარად შეფასდა. ცალკეულმა დეპუტატებმა კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდეს და ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს.

მსგავსი