დაყადაღებული ფონდები

ხუთი ფონდის დაყადაღების შემდეგ, ოპოზიციის და ფონდების ხელმძღვანელთა განსაკუთრებული უკმაყოფილება პროკურატურის განცხადებამ გამოწვია, რომლის მიხედვითაც ფონდების ანგარიშებიდან ჯამში გახარჯული ორ მილიონ ლარზე მეტი ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა. ფონდების ხელმძღვანელთა ნაწილი საგამოძიებო უწყებას ცილისწამებაში ადანაშაულებს, მეორე ნაწილი კი ფონდის დაყადაღების მიზეზების გასარკვევად სასამართლო განჩინებას ითხოვს. მიღებულ გადაწყვეტილებას მიმდინარე პროტესტის ჩახშობის მცდელობად აცხადებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი დაჯარიმებული მოქალაქეებისა და დაყადაღებული ფონდების დასახმარებლად თანხის შეგროვებას გეგმავს. პროკურატურის ბრალდებებს სრულად იზიარებენ მმართველ გუნდში, სადაც ფონდების მხრიდან აქციების ორგანიზებასა და ამ გზით ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე წარსულშიც არაერთხელ უსაუბრიათ.