1953 წელს, როდესაც ვერმახტის გენერალ-მაიორი ალფრედ ვაიდემანი გერმანიის ტერიტორიაზე, 1944-1945 წლებში მიმდინარე ბრძოლებში მარცხის მიზეზებს აანალიზებდა , მან ყურადღება რამოდენიმე გარემოებას მიაქცია, რომელთაგან ერთ-ერთ უმთავრესად ტერიტორიული თავდაცვისათვის სახელმწიფოს სრული უუნარობა მიიჩნია. ეს უუნარობა, ვაიდემანის აზრით, გამოწვეული იყო იმ ვითარებით, რომ 1939 წლისათვის (სხვა სიტყვებით, ომის დაწყებისთვის) გერმანიას არ გააჩნდა ადამიანური რეზერვების გამოყენების არანაირი გეგმა: „ომი დაიწყო არსებულ ადამიანური რესურსებზე ზუსტი მონაცემების გარეშე, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუშალა ეკონომიკის სამხედრო რელსებზე ეფექტური გადაყვანის შესაძლებლობას და ადამიანური რესურსების მიზანშეწონილ გამოყენებას“ – წერს ვაიდემანი. ამ მიზეზით, სხვათაშორის, ომის მსვლელობისას, ვერ მოხერხდა შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო სექტორის ინტერესთა გათანაბრება, რამაც საბოლოო ანგარიშით, ჯერ ეკონომიკური პოტენციალის რღვევა, ხოლო შემდეგ – სამობილიზაციო შესაძლებლობათა დრამატული ვარდნა გამოიწვია. 1944 წლისათვის გერმანია, საკუთარი ტერიტორიის დაცვის მიზნით, იძულებული გახდა სახელდახელოდ შეექმნა ე.წ. ფოლკს შტურმის ფორმირებები ანუ ვიწრო ტერიტორიული ფორმირებები, სადაც იგზავნებოდნენ ის მამაკაცები, რომელთა არმიაში გაწვევა სხვადასხვა მიზეზით (ასაკი, ვარგისიანობა) არ ხდებოდა, აგრეთვე, მოზარდები და გაწვევიდან „ჯავშანის“ მქონე სპეციალისტები.
სხვა სიტყვებით, ვაიდემანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რასაც დღეს ომისათვის სამოქალაქო მზაობას, ანუ კრიზისის ან ომის დროს, ხანგრძლივი პერიოდით საზოგადოების ქმედითუნარიანობის (სიცოცხლისუნარიანობის) შენარჩუნებას დავარქმევდით და რაც სამოქალაქო თავდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების არსებით პირობას წარმოადგენს. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სამოქალაქო თავდაცვის გამართული ფუნქციონირება ომის დროს სახელმწიფო მართვის ქმედითუნარიანობას უზრუნველყოფს.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მიერ როგორც ომისთვის მზადებისას, ასევე თავად ომის წარმოებისას, შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო სექტორის ინტერესთა თანაბრობა, ერთ-ერთი იმ მოთხოვნათაგანია, რასაც ომის ეფექტური წარმოება შეუძლია უზრუნველყოს. თავის მხრივ, ამ პრინციპის რეალიზაცია სახელმწიფოს მიერ ადამიანთა რეზერვის სრული მოცულობით მიზნშეწონილ გამოყენებას გულისხმობს. ეს კი, მოცემული „სრული მოცულობის“ ზედმიწევნით ზუსტ აღწერას ნიშნავს, რაც, წლიდან წლამდე, მრავალმხრივ სტატისტიკურ მონაცემთა კვლევაზეა დაფუძნებული. ამდენად, სახელმწიფოს შესაძლო ომისათვის მზადების პროცესში, შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო სექტორის ინტერესთა თანაბრობის მოთხოვნა შეგვიძლია ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპადაც მივიჩნიოთ, რასაც ნებისმიერი სტრატეგიული დაგეგმვა უნდა ეფუძნებოდეს.
მეორეს მხრივ, თუ ტოტალური თავდაცვისათვის თანამედროვე ტერიტორიული თავდაცვის ძალების დოქტრინებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო სექტორის ინტერესთა თანაბრობა ომის სტრატეგიული დაგეგმვის ერთადერთი ამოსავალი პრინციპია, საიდანაც ყველაფერი დანარჩენი გამომდინარეობს.
ტოტალური თავდაცვის დოქტრინა
1943 წელს, შვედეთის მთავრობამ, მოქალაქეთათვის გამოსცა ბროშურა, რომლის სახელწოდება გახლდათ „თუ ომი მოვა“, სადაც საუბარი იყო იმაზე, რა უნდა აკეთონ შვედეთის მოქალაქეებმა, თუ კი ქვეყანა კონფლიქტში აღმოჩნდება ჩათრეული. სხვა საგულისხმო რეკომენდაციებს შორის იყო ერთი, რომელიც იმთავითვე იქცევდა ყურადღებას: ნებისმიერი ცნება წინააღმდეგობის უაზრობის თაობაზე არის სიცრუე. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ეს იყო ხელისუფლების მიერ ე.წ. ტოტალური წინააღმდეგობის დოქტრინის ამოქმედების ერთ-ერთი პირველი ცდა, რომელიც პოპულარულად ხსნიდა პარტიზანული ბრძოლის მეთოდებს და ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დღეს, ცივი ომის შემდეგ პირველად, ჩაფიქრებულია ამ ბროშურის ხელახალი გამოცემა და მისი მასობრივი გავრცელება: ბროშურა ყველა სახლში უნდა დარიგდეს.
ტერმინი ტოტალური წინააღმდეგობა, რომელიც, ძირითადად, მოსახლეობის ფართო მასებში პარტიზანული ბრძოლის მეთოდებისა და გზების შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული ჩვევების დანერგვას ისახავდა მიზნად და როგორც ჩანს, განიხილებოდა მასობრივი წინააღმდეგობის ორგანიზაციის ერთადერთ ფორმად, დღეს შეცვლილია ახალი ტერმინით, ესაა ტოტალური თავდაცვა. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს არა მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება გახლდათ, არამედ გაცილებით სხვა, შინაარსობრივად დატვირთული და ღრმა ცვლილება: თუ კი პირველი ტაქტიკური დონის შინაარსს ატარებდა, მეორემ სტრატეგიული შინაარსი შეიძინა და ტოტალური წინააღმდეგობა ტოტალური თავდაცვის ფრაგმენტად იქცა.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოტალური თავდაცვა ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების, თვითმმართველობების და თავდაცვითი ძალების, ასევე ერის სულიერი, ფიზიკური, ეკონომიკური და სხვა პოტენციალის მუდმივი მზაობა თავიდან ავიცილოთ, ანდა მოვიგერიოთ აგრესია, რამაც უნდა უზრუნველყოს ერის გადარჩენა. სხვა სიტყვებით, ეს არის საფრთხეებსა და გამოწვევებზე ყოველმხრივი რეაგირების სქემა, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო ჩართვას გულისხმობს შემდეგი სახის მოქმედებებში:
- სამხედრო თავდაცვა;
- სამოქალაქო თავდაცვა;
- ეკონომიკური თავდაცვა;
- სოციალური თავდაცვა;
- ფსიქოლოგიური თავდაცვა.
სწორედ ამდაგვარადაა ფორმულირებული ტოტალური თავდაცვის არსი, მაგალითად, სინგაპურის თავდაცვის დოქტრინაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ ტოტალური თავდაცვის რეალიზაცია, კონკრეტულად, ამ ხუთ კომპონენეტს ეყრდნობა და ეს შემდეგნაირად უნდა გავიგოთ (ყოველ შემთხვევაში,ამდაგვარი ფორმულირება წარმოდგენილია, მაგალითად, ესტონეთის თავდაცვის დოქტრინაში):
- ფსიქოლოგიური თავდაცვა – ქვეყნის დაცვისათვის ფსიქოლოგიური მზაობა;
- სამოქალაქო თავდაცვა – არასაბრძოლო თავდაცვითი ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფო მართვის ქმედითუნარიანობას უზრუნველყოფს;
- ეკონომიკური თავდაცვა – კრიზისის ან ომის დროს ეკონომიკის ქმედითუნარიანობის შენარჩუნება;
- სამოქალაქო მზაობა – კრიზისის ან ომის დროს, ხანგრძლივი პერიოდით საზოგადოების ქმედითუნარიანობის (სიცოცხლისუნარიანობის) შენარჩუნება;
- სამხედრო თავდაცვა – თავდაცვითი ძალების ამოქმედება საკმარისი წინააღმდეგობის პრინციპზე დაყრდნობით, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩართვამდე.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური თავდაცვის დოქტრინა მე-20 საუკუნის ბოლოს გამჟღავნებული ტენდენციების თეორიულ ანარეკლად ითვლება, სინამდვილეში ის, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, ომის ფილოსოფიის კლასიკად მიჩნეული, ომის კლაუზევიცეული ხედვის ადეკვატურ ასახვას წარმოადგენს.
კლაუზევიცის მიხედვით, ომს სამი აქტორი ყავს. სამივე, სხვათა შორის, თანაბარმნიშვნელოვანია და ომზე მსჯელობისას რომელიმე მათგანის უგულვებელყოფას ნებისმიერი თეორია შეყავს ჩიხში. ეს აქტორებია:
- ხელისუფლება, როგორც ომისათვის მიმართულების მიმცემი ზეგავლენა;
- სამხედრო ძალა, როგორც ომში შემთხვევითობის შემომქმედი ძალა და
- ხალხი, როგორც ომის წარმოების სერიოზული რეზერვი.
ამგვარად, ტრიადა მთავრობა-არმია-ხალხი წარმოადგენს იმ ღერძს, რაზედაც ომის თეორია უნდა დაფუძნდეს. სხვათა შორის, კლაუზევიცს მიაჩნდა, რომ ნაპოლეონის წარმატებათა საიდუმლო არა მხოლოდ მის გამჭრიახობაში, არამედ იმ ვითარებაშიცაა, რომ მან ხალხი, როგორც ომის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე, ბრძოლის ველს დაუბრუნა და ომის ინსტრუმენტი – არმია, ძლიერი მუხტით დატვირთა.
მართლაც, თუ ღრმად ჩავუკვირდებით ტოტალური თავდაცვის საყრდენ ელემენტებს, ადვილად ამოვიცნობთ კლაუზევიცისეული ტრიადის ერთიანობის სქემას.
მეტიც, თუ შევეხებით მეორე მსოფლიო ომისა და ომის შემდგომი კონფლიქტების (თანამედროვე კონფლიქტების ჩათვლით) მიმდინარეობასა და ხასიათს, ადვილად დავინახავთ, რომ მხოლოდ არმიის ანაბარა (და იმედად) მყოფი სახელმწიფოები პერმანენტულად განიცდიდნენ მარცხს. ბუნებრივია, გენერალ-მაიორ ვაიდემანის მიერ ნახსენები, საკუთარი ტერიტორიის დაცვის მიზნით, სახელდახელოდ შექმნილი ფოლკს შტურმის ფორმირებები საქმეს ვერ უშველიდა, ვინაიდან 1944 წელი ამისათვის ძალიან გვიან იყო.
ტერიტორიული თავდაცვის ადგილი ტოტალური თავდაცვის დოქტრინაში
ლოგიკურად დაისმის კითხვა – სად ჩანს ტერიტორიული თავდაცვის ძალების ადგილი ტოტალური თავდაცვის სისტემაში, თუ კი ტერიტორიული თავდაცვის ძალებში 1944 წლის მოდელის ფოლკს შტურმის ფორმირებებს ვიგულისხმებთ? თუმცა, ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, მოკლედ თავად ამდაგვარი ფორმირებების გამოჩენის წინაპირობებს შევეხოთ და ვცადოთ გავერკვეთ, 21-ე საუკუნეში რატომ იძენს ეს ფორმირებები მნიშვნელობას?
საქმე იმაშია, რომ ტერიტორიული თავდაცვის სისტემების არსებობა დღეს განპირობებულია იმ პრობლემებით, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება:
- საზღვრისპირა რეგიონების მონიტორინგის პრობლემა;
- სასაზღვრო შენაერთების მხარდაჭერა,რეგულარული არმიის ნაწილების ჩართვამდე;
- ქვეყანაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის გაძლიერება;
- მოსახლეობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის დახმარება ბუნებრივი, ტექნოგენური ან სხვა მიზეზით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.
უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემები არც ახალი გახლავთ და მათი გადაჭრის გზებიც, მეტ-ნაკლები განსხვავებების მიუხედავად, მაინც ექვემდებარება სტანდარტიზაციას. 21-ე საუკუნემ ჩამონათვალს ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობათა გაუვნებელყოფის მხარდაჭერაც დაუმატა. ამგვარი პრობლემების ნეიტრალიზაციისათვის სხვადსხვა ქვეყანაში სხვადსხვა მექანიზმი ჩამოყალიბდა. მაგალითად:
- აშშ – ეროვნული გვარდია;
- საფრანგეთი – სამხედრო ჟანდარმერია;
- გერმანია – ტერიტორიული ძალები;
- დანია – „სამშობლოს დაცვის“ ძალები;
- ნიდერლანდები – სამოქალაქო თავდაცვის ძალები და სამხედრო პოლიცია;
- საბერძნეთი – ჟანდარმერია და ეროვნული გვარდია;
- თურქეთი – ჟანდარმერია;
- ეგვიპტე – უშიშროებისა და სამოქალაქო თავდაცვის ძალები;
- ვიეტნამი – სამოქალაქო ლაშქარი;
- ალჟირი – ნაციონალური ჟანდარმერია და ა.შ.
1973 წლის თებერვალში, აშშ თავდაცვის მდივნის თანაშემწის ოფისისთვის მომზადდა ვრცელი მოხსენება ტერიტორიული თავდაცვა ნატოსა და არა-ნატოსეულ ევროპაში , სადაც გაანალიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ძალების სპეციფიკა გერმანიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და იუგოსლავიაში. ნაჩვენებია ასეთი ძალების სარგებლიანობა, განსაკუთრებით, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით და მათი ბმის სხვადსხვა მოდელები რეგულარულ ნაწილებთან მიმართებაში. ეს მოდელები, მართლაც რომ სხვადასხვანაირია:
მაგალითისთვის, დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ძალების სტრუქტურა ითვალისწინებს შემდეგ დაყოფას:
- რეგულარული არმია;
- ტერიტორიული არმია და
- რეზერვები.
ტერიტორიული არმია განიხილება როგორც სახმელეთო ძალების პირველი რიგის რეზერვი და გამოიყენება
- სახმელეთო ძალების გასაძლიერებლად;
- მეტროპოლიის დასაცავად;
- მეტროპოლიის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის შედეგების ლიკვიდაციისათვის;
- შიდა განწესებისთვის.
სამობილიზაციო გაშლის შემთხვევაში ტერიტორიული არმია გადადის რეგულარული არმიის შემადგენლობაში.
ტერიტორიული ძალების დაკომპლექტების სქემებიც სხვადასხვაა. მაგალითად, ნორვეგიაში ადგილობრივი თავდაცვის ძალები კომპლექტდება 35-დან 44 წლამდე სამხედრო ვალდებული მოსახლეობის ნაწილისაგან, რომელთაც გაიარეს სავალდებულო სამხედრო სამსახური და ასევე იმსახურეს საველე ნაწილების რეზერვში. ასეთი დანიშნულების ძალების მობილიზაციისას შესაძლებელია 40-დე ბატალიონის ფორმირება.
სხვადასხვაა ასევე მიდგომა წვრთნისა და მომზადების პროცესისადმი: მაგალითად, კანადაში, სადაც რეგულარული არმია კომპლექტდება მხოლოდ კონტრაქტით და მთლიანადაა გამორიცხული სავალდებულო გაწვევა, ტერიტორიული პრინციპით იქმნება ე.წ. მილიცია (Militia) – საჯარისო ფორმირებები, რომელთა ოფიცრები და ჯარისკაცები გამოსასვლელ დღეებში გადიან წვრთნას, ხოლო წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება მათი გაწვევა ერთ ან ორკვირიან შეკრებაზე . ბუნებრივია, ეს ნაწილებიც ნებაყოფლობითი პრინციპითაა დაკომპლექტებული და „დიდი ომის“ შემთხვევაში ისინი სრულფასოვანი ფორმირებების გაშლის ძირითად საფუძველს წარმოადგენს.
საინტერესო და თავისებურია ლიეტუვის მოდელი რომელიც ეყრდნობა 1918 წელს დაფუძნებული ლიეტუვის მსროლელთა კავშირის ტრადიციებს. 2014-ში დაიწყო მისი რეალური აღორძინება და (შესაძლოა, უკრაინის მოვლენების გავლენით) 2015-ში, მხოლოდ ვილნიუსის ოლქში მსროლელთა რაოდენობა გაიზარდა 10-ჯერ და მეტად. მოხდა მათი დაქვემდებარება თავდაცვის მინისტრზე, რომელიც ნიშნავს მსროლელთა სარდალს და ამავდროულად, თვითონაცაა მსროლელი. მსროლელები აქტიურად მეცადინეობენ, მათ შორის, სამხედრო პოლიგონების გამოყენებით და ძირითადად, ჩართულები არიან ახალგაზრდობის პატრიოტულ აღზრდაში. ორგანიზაციაში გაერთიანებულია სხვადასხვა ასაკის ადამიანი, რომელთა მიზანია ლიეტუვის, მისი სუვერენიტეტისა და ევროპულ ღირებულებათა დაცვა.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ისრაელის ტერიტორიული თავდაცვის სისტემის ორგანიზაცია – ამ ორგანიზაციის წინაპირობას წარმოადგენს ისრაელის ტერიტორიის სიმცირე, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ფრონტის სიღრმისა და სტრატეგიული ზურგის არარსებობას. აქედან გამომდინარე, ტერიტორიულ-ზონალური პრინციპით ფორმირებული ტერიტორიული თავდაცვის ნაწილები გამიზნულია ფრონტის გარღვევის ლიკვიდაციისათვის, დივერსიული ან დესანტირებული ჯგუფების ნეიტრალიზაციისათვის, ან (ოკუპაციის შემთხვევაში) პარტიზანული მოქმედებების გაშლისათვის.ტერიტორიული თავდაცვა ხორციელდება გასამხედროებული დასახლებების ფორმით.
რაში მდგომარეობს ამ მიდგომის არსი?
გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ისრაელი შეუდგა ებრაულ და არაბულ დასახლებათა კონფიგურაციის შეცვლის სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. გეგმა ითვალისწინებდა შეხების ხაზზე ახალი ებრაული დასახლებების შექმნას ტერიტორიული თავდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით. ამ განსახლების სტრატეგია შემუშავებულ იქნა არიელ შარონის მიერ, მისი სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ხოლო რეალიზაცია განხორციელდა ასევე შარონის მიერ, უკვე თავდაცვის მინისტრად მისი ყოფნის პერიოდში. მანვე, როგორც ამ დასახლებათა მთავარმა იდეოლოგმა, შეძლო პატრიოტულად განწყობილ ახალმოსახლეთა და ცახალის ურთიერთქმედების აწყობა. დასახლებათა ახალმა კონფიგურაციამ სერიოზულად გააუმჯობესა ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები. ითვლება, რომ საზღვრების დაცვის ვერცერთი სისტემა ეფექტურობით ვერ ედრება ებრაული სამხედრო დასახლებების სისტემას, სადაც ადამიანები, ერთდროულად, ამუშავებენ მიწას, ეწევიან მშენებლობას და ემზადებიან მტრის დასახვედრად. ასე ვთქვათ, ბენ გურიონის მებრძოლი-მშენებელი-გლეხის კონცეფციის რეალიზაცია. სისტემის განხორციელებაში ჩართული იყვნენ მაღალი კლასის სამხედრო პროფესიონალები, ბრძოლის ველიდან მოსული გენერლები, რომელთა პატრიოტიზმი გამორიცხავდა კორუფციას და მათ ხელში მოხვედრილი რესურსების დატაცებას.
ვფიქრობ, ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე გერმანული ტერიტორიული ძალების ფუნქციონირება.
საქმე იმაშია, რომ ნატოს ოპერატიულ-სტრატეგიულ სისტემაში გერმანიის ჩართვამ ბუნებრივად გამოიწვია არსებული სამხედრო შესაძლებლობების სამ, ფუნქციონალურად განსხვავებულ, ნაწილად გაყოფა:
- რეგულარული შენაერთები უშუალოდ ალიანსის სარდლობის დაქვემდებარებაში;
- ტერიტორიული და
- სამოქალაქო თავდაცვის შენაერთები
უკანასკნელი ორი ეროვნული სარდლობის დაქვემდებარებაში რჩება. ამგვარად, გერმანიას სამკომპონენტიანი თავდაცვის სტრუქტურა გააჩნია და ქვეყნის თავდაცვის ამოცანები ამ სამს შორისაა განაწილებული:
- რეგულარული ძალები – ალიანსის ძალების შემადგენლობაში აგრესიის მოგერიება. ამისათვის ისინი მუდმივ მზადყოფნაში არიან
- ტერიტორიული თავდაცვის ძალების ამოცანები შემოიფარგლება
- საჰაერო თავდაცვის ორგანიზაციით;
- ანტი-სადესანტო ღონისძიებებით;
- სახმელეთო საზღვარზე შემოჭრის მცდელობათა აღკვეთით;
- ფრონტზე მოქმედი ძალების შევსებითა და
- მოქმედი არმიისათვის უზრუნველყოფის ორგანიზაციით.
- სამოქალაქო თავდაცვის ძალებისათვის განსაზღვრულია:
- უშუალოდ მოსახლეობის დაცვა;
- სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
- მომარაგების უზრუნველყოფა;
- მოქმედ არმიისა და ფრონტის საჭიროებისათვის პროდუქციის გამოშვების უზრუნველყოფა.
ამის მიხედვით, სხვადასხვაა ამ სამი კომპონენტის საბრძოლო მზადყოფნაც:
- რეგულარული ძალები სრულადაა დაკომპლექტებული და მზადაა მოქმედებისთვის;
- ტერიტორიული თავდაცვის ძალები მხოლოდ კადრირებული ნაწილებისაგან შედგება და მათი გაშლა მხოლოდ ომის დაწყებისას იწყება;
- საომარ მოქმედებათა დაწყებისას, სამოქალაქო თავდაცვის ძალები, გარდა წინასწარ განსაზღვრული თავდაცვითი ღონისძიებებისა, ადგილობრივ ადმინისტრაციებზე დაყრდნობით, მონაწილეობას იღებენ ახალ ფორმირებათა შექმნაშიც.
ფედერალურ დონეზე ეს ძალები შემდეგნაირად იმართება:
- ფედერალური კანცლერი – პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკაზე;
- ფედერალური თავდაცვის საბჭო – ფედერალური კანცლერის სათათბირო ორგანო;
- ფედერალური თავდაცვის სამინისტრო – ტერიტორიული თავდაცვის ძალების უფროსი მთლიანად ექვემდებარება მინისტრს, ხოლო რეგულარული ძალების სარდალი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს წინააღმდეგობაში არ მოდის ალიანსის მთავარი შტაბის დირექტივებთან;
- სამოქალაქო თავდაცვის უფროსი მშვიდობიან პერიოდში ექვემდებარება შინაგან საქმეთა მინისტრს, თუმცა საქმიანობას თავდაცვის მინისტრის დირექტივებით აგებს.
გერმანია, როგორცა ჩანს, დაეყრდნო მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებას.
დავუბრუნდეთ ჩვენს კითხვას: სად იკვეთება ტერიტორიული თავდაცვის ძალების ადგილი ტოტალური თავდაცვის სისტემაში? ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ ძალების გამოყენების სფეროდ განვსაზღვროთ ტოტალური თავდაცვის ის კომპონენტები, რომელიც, სახელმწიფო მართვის ქმედუნარიანობას, ანდა კრიზისის თუ ომის დროს, ხანგრძლივი პერიოდით საზოგადოების ქმედითუნარიანობის (სიცოცხლისუნარიანობის) შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით, ომისათვის სამოქალაქო მზაობისა და სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტებით შემოვიფარგლოთ. ამას ბუნებრივად მივყავართ აზრამდე, რომ საქართველოში, გერმანიის ანალოგიით, თავდაცვის სამკომპონენტიან სტრუქტურაზე ვიფიქროთ.
ტერიტორიული თავდაცვის ძალების გამოყენების აუცილებლობა საქართველოში
რა სივრცე არსებობს ტერიტორიული თავდაცვის ძალების გამოყენებისათვის საქართველოში – დავიწყოთ პრობლემებით: ვიცით, რომ ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოებას გააჩნია რამოდენიმე ასპექტი, რომლებიც ორ დიდ ქვეჯგუფად შეძლება გაიყოს:გარე საფრთხეები დაშიდა საფრთხეები.ამათგან, შიდა საფრთხეებს შეუძლია გარე საფრთხეთა მაპროვოცირებელი კატალიზატორის როლი შეასრულოს. მაგალითად, საზღვრისპირა რეგიონების „სიცარიელემ“ მეზობლებში, შესაძლოა, გააჩინოს ცდუნება საზღვრების „უმტკივნეულო“ გადმოწევის შესაძლებლობის შესახებ, როგორც ეს ქვემოთ სქემაზეა მოცემული.
აღნიშნული მაგალითი, რომელიც, შესაძლოა, ასევე სხვა მსგავსი ან განსხვავებული მაგალითებით შეივსოს, მოითხოვს არა მარტო ეროვნული თავდაცვის სისტემის, როგორც მთლიანობის, გადააზრებას საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტში, არამედ დღის წესრიგში ტერიტორიული თავდაცვის ძალების არსებობის აუცილებლობასაც აყენებს. მეტიც, აღნიშნული მაგალითი იმასაც აჩვენებს, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალების გამოყენებისათვის, საქართველოს შემთხვევაში, ომი სულაც არ წარმოადგენს იმ აუცილებლობას, რომ მათი გამოყენების საკითხი დადგეს. ასე რომ, პრობლემა იმდაგვარად კი არ დგას, გვაქვს თუ არა ტერიტორიული თავდაცვის ფორმირებების გამოყენების სივრცე, ანდა გვჭირდება თუ არა ისინი, არამედ სხვაგვარად: როგორ და რითი დავიწყოთ ამ ძალების ფორმირების პროცესი?
დაშვებები ქართული ტერიტორიული თავდაცვის მოდელის ასაგებად
სამხედრო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი პროექტის ფარგლებში შესრულებულ ანგარიშებში გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ ქართული ტერიტორიული თავდაცვის ერთგვარ ამოსავალ მოდელად, გერმანული მიდგომა ავიღოთ (N.B. „მიდგომის აღება“ უფრო მეთოდოლოგიური პრინციპის გაზიარებაა და სულაც არ ნიშნავს მოდელად გამოყენებას). რატომ ვიფიქრეთ ასე და რატომ გავჩერდით გერმანულ მიდგომაზე?
საქმე იმაშია, რომ მიუხედავად სერიოზული განსხვავებისა ჩვენსა და გერმანიის შეიარაღებული ძალების შორის, ვითარება, რაშიც ვიმყოფებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს:
ჩვენი თავდაცვის ძალები, რეგულარული ნაწილები პრაქტიკულად მთლიანადაა ჩართული საერთაშორისო მისიებში, რომლებიც, ძირითადად, ნატოს ეგიდით მიმდინარეობს. მეტიც, ჩვენ ნატოს ეგიდით მოქმედი ევროპული სწრაფი რეაგირების შენაერთის ნაწილი გავხდით. ეს ბუნებრივად ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას აღნიშნული ნაწილების, ასე ვთქვათ, „ჩვენს ნებაზე“ გამოყენებისათვის. აღნიშნული პოლიტიკურადაც წამგებიანია.
ეს ვითარება ხდება საფუძველი თავდაცვის სიტემის იმდაგვარად რეორგანიზაციისა, რომელიც რეგულარული, მისიებისთვის განკუთვნილი სამხედრო ძალების გარდა, თავდაცვის სისტემაში იმ ფუნქციონალური დატვირთვის მქონე კომპონენტების შემოტანას გულისხმობს, რომელიც, როგორც ტერიტორიულ თავდაცვასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრას მოემსახურება ასევე, მოქალაქეთა დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ვინაიდან ეს ამოცანები სხვადასხავაა, ბუნებრივად იკვეთება ორი ასეთი კომპონენტი: ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სამოქალაქო თავდაცვის ძალები. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი კომპონენტის გარეშე, ზოგადად, შეუძლებელი ხდება ტოტალური თავდაცვის დოქტრინის რეალიზაცია, ვინაიდან ეკონომიკის ქმედითუნარიანობის შენარჩუნება და კრიზისის ან ომის დროს, ხანგრძლივი პერიოდით საზოგადოების ქმედითუნარიანობის (სიცოცხლისუნარიანობის) შენარჩუნება მთლიანად სამოქალაქო თავდაცვის სექტორის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. შედეგად, ბუნებრივად მივედით იმავე მიდგომამდე, რაც გერმანელებს გააჩნია: თავდაცვის სამკომპონენტიანი სისტემის ფორმირებამდე და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასეთი სისტემის ფორმირების შემდგომ იქნება შესაძლებელი ფიქრი სამობილიზაციო სისტემისა და რეზერვის ეფექტური სისტემის ფორმირებაზე, ვინაიდან ტოტალური თავდაცვის დოქტრინის რეალიზაცია ეფექტური ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ეფექტური სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ფორმირებას ეყრდნობა. თავის მხრივ, ეფექტურმა რეზერვისა და მობილიზაციის სისტემამ უნდა უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა.
სტრატეგიული შეფასების მიმართულება
ახლა, თუკი წერილის დასაწყისში ნახსენებ შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო სექტორის ინტერესთა თანაბრობის მოთხოვნას, როგორც ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის ფუძემდებლურ პრინციპს დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ რომ მისი სწორად გამოყენების მიზნით (ანუ, სტრატეგიის აგების ძირითად დაშვებად მიჩნევისას) გვჭირდება, სულ ცოტა, საკუთარი ქვეყნისა და იმ გარემოს შესახებ, რაშიც ვიმყოფებით, შემდეგი პარამეტრების ცოდნა:
- ეკონომიკურ შესაძლებლობათა ზრდის დინამიკა;
- დემოგრაფიული მოცემულობის დინამიკა;
- სახელმწიფო ბიუჯეტების ზრდის დინამიკა;
- წინააღმდეგობისათვის (ან კრიზისებისას) მოსახლეობის ფსიქოლოგიური მზაობა;
- სახელმწიფო მართვის ინსტიტუტების მდგრადობა;
- სამოქალაქო ინტეგრაციის დონე;
- იდეალური ვითარების აღწერა: რა გვინდა?
- იდეალურ და რეალურ ვითარებას შორის სხვაობის
- ობიექტური აღწერა: რა გვაქვს?
- სხვაობის შემცირებაზე მიმართული პროგრამების შემუშავება და მათი “სიმძიმე”: როგორ?
- სამობილიზაციო შესაძლებლობათა შედარებითი შეფასება.
ამ ყველაფრის ცოდნა კარგი საფუძველია იმისათვის, რომ შევძლოთ ადამაინური რესურსების მიზანშეწონილი გამოყენების დაგეგმვა, რაც მეორე ძირითად პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა: ვიცით, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესთა მიმართ საფრთხეთა ობიექტური განსაზღვრისათვის ხუთ შემდეგ კითხვას უნდა გაეცეს ზედმიწევნით ზუსტი პასუხი:
- რა რაოდენობისა და რა სახის სამხედრო ძალა გააჩნია თითოეულ მოწინააღმდეგეს და სად არის ის განლაგებული?
- რა მოქმედების განხორციელება შეუძლია თითოეულს მოცემული სურათის გათვალისწინებით?
- რა მოქმედებას აირჩევდა თითოეული მოწინააღმდეგე საამისო თავისუფლება რომ ჰქონდეს?
- რას შეუძლია განაპირობოს მოწინააღმდეგის წარმატება?
- რა საფრთხეები გამოიყურება ყველაზე მნიშვნელოვნად საფრთხეთა არსებული შკალის მიხედვით?
პირველი სამი შეკითხვა განეკუთვნება სადაზვერვო საქმიანობის კომპონენტს, მე-4-ე კითხვაზე პასუხს იძლევიან ე.წ. NET-ანალიტიკოსები, ხოლო მე-5-ე კითხვაზე პასუხი სახელმწიფოს მეთაურისა და მის უშუალო მრჩეველთა პრეროგატივაა.
სამხედრო ძალის ტიპიური მახასიათებლებად მიჩნეულია:
ა) ცოცხალი ძალა
- რესურსი;
- ნამდვილ სამსახურში მყოფი;
- მზადყოფნის რეზერვი;
- ტრადიციები;
- ტემპერამენტი;
- ინტელექტი;
- განათლება;
- წვრთნა;
- გამოცდილება;
- ფიზიკური შესაძლებლობები;
- სიმტკიცე;
- სამხედრო სამსახურთან დამოკიდებულება;
- დისციპლინა;
- მორალი;
- ლოიალურობა (ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მიმართ).
ბ) საცეცხლე ძალა
რაოდენობა, შესაძლებლობა, წარმოების შესაძლებლობა და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები:
- მცირე შეიარაღება;
- ჯგუფური იარაღი;
- ჯავშანტექნიკა;
- არტილერია;
- სარაკეტო საშუალებები;
- აღჭურვილობა;
- საბრძოლო თვითმფრინავები;
- წყალზედა საბრძოლო ხომალდები;
- წყალქვეშა ნავები;
გ) მობილურობა
- სახმელეთო ტრანსპორტი;
- საჰაერო ტრანსპორტი;
- საზღვაო ტრანსპორტი;
- კოსმოსური ხომალდები.
დ) მდგრადობა
- მიწოდება;
- მოვლა;
- ტრანსპორტირება;
- აგება (საინჟინრო ნაგებობანი;)
- დასაწყობება;
- დანაწილება;
- ევაკუაცია;
- სამედიცინო დახმარება;
- მომსახურება;
ე) გამაერთიანებელი ფაქტორები
ორგანიზაციათა როლი და მისიები
- პოლიტიკა (მიდგომა);
- სტრატეგიები;
- ტაქტიკა;
- დოქტრინა;
ვ) გადამფარავი იმპერატივები
- პოლიტიკური ნება;
- ხელმძღვანელობა;
გამოცდილი სტრატეგიული დონის დამგეგმარებლები ითხოვენ ასევე შემდეგ მონაცემებს:
- რაოდენობრივს- წლების მიხედვით დინამიკის გათვალისწინებით;
- თვისობრივს- შენაერთების ერთად მოქმედების უნარის გათვალისწინებით
- სარდლობის შესახებ;
- პოლიტიკური ნების შესახებ.
ა) რაოდენობრიობა – ტიპიური სტატისტიკური მონაცემები მოიცავს შემდეგს:
ორგანიზაციული (რა აქვთ? – არმიები, ფლოტები,საჰაერო ძალები, სადესანტო ძალები, აერო-კოსმოსური ძალები, საზღვაო ქვეითი ძალები, სპეციალურ ოპერაციათა ძალები, გასამხედროებული ძალები, ტერორისტული ჯგუფები);
ფუნქციონალური (რა შეუძლიათ? ღრმა დარტყმები, ანტისარკეტო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა, სახმელეთო ბრძოლა, საჰაერო ბრძოლა, საჰაერო დაზვერვა, საზღვაო ბრძოლა, წყალქვეშა ბრძოლა, წყალქვეშა ნავებთან ბრძოლა, სადესანტო ბრძოლა, სპეციალური ოპერაციები, საზღვრის დაცვა, შიდა უსაფრთხოება, კოსმოსური ოპერაციები, საჰაერო გადაყვანა, საზღვაო გადაყვანა);
რეგიონალური (მაგალითად აშშ-თვის: ევროპა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, სამხრეთ-დასავლეთი აზია, ჩრდილო აფრიკა, სუბ-საჰარას აფრიკა,ლათინური ამერიკა,
ატლანტიკის ოკეანე, წყნარი ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, კოსმოსი)
N.B . საქართველოს შემთხვევაში, რეგიონალური ჭრილი, სავარაუდოდ, უფრო მოკრძალებულად გამოიყურება: ევროპა, რუსეთი, ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთი
ბ) თვისობრიობა – უნდა გვქონდეს ზუსტი პასუხები შემდეგი თემების შესახებ:
- პირადი შემადგენლობის მახასიათებლები: სამხედრო საქმისადმი დამოკიდებულება და დისციპლინა;
- გასაწვევი სტანდარტები: რა გონებრივი და ფიზიკური მოთხოვნები წაეყენება გაწვეულ თუ დაქირავებულ სამხედრო მოსამსახურეს;
- განათლების და წვრთნის სტანდარტი და პროგრამები კარიერული ზრდისათვის;
- არსებული და პერსპექტიული შეიარაღების სისტემები;
- ლოგისტიკური შესაძლებლობები;
- ბოლო საბრძოლო გამოცდილება ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგესთან;
- რამდენადაა გამომუშავებული ჯგუფური მოქმედების ჩვევები.
და ბოლოს – სარდლობა და პოლიტიკური ნება – ეს ცოდნა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ რამდენად კვალიფიციური და მტკიცე წინააღმდეგობაა მოსალოდნელი.
აღნიშნულ მოცემულობა უნდა შეედაროს წარსულ, ამჟამინდელ და შესაძლო მომავალ განვითარებას.
მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი შეფასებების შემდგომ შესაძლო ხდება იმ შეაძლებლობათა განსაზღვრა, თუ რა არის რეალიზებადი.
ამდენად, ცოდნა, რომელიც გდაწყვეტილების მიმღებს ან სტრატეგიული დონის დამგეგმარებელს მოეთხოვება, ზედმიწევნით სკურპულოზურ მიდგომას და სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ინსტიტუტთა სრულ ჩართვას მოითხოვს. ხოლო ამ ცოდნის მიმართ ჩვენს მიერ მითითებული პრინციპების გამოყენება იძლევა სანდო ტერიტორიული და სამოქალაქო თავდაცვის ძალების ფორმირების საშუალებას.
დასკვნის მაგიერ
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ:
- ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობათა ორგანიზაციისათვის აუცილებელია რეგულარული საარმიო ნაწილების გვერდით ტერიტორიული თავდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის ძალების ფორმირება;
ფორმირების პროცესი უნდა ეყრდნობოდეს:
- შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო სექტორის ინტერესთა თანაბრობის პრინციპს;
- ადამიანური რესურსების მიზანშეწონილი გამოყენების პრინციპს;
- მოკლე, საშუალო და გრძელვადიან შეფასებებს ზემოთნახსენები პარამეტრების მიხედვით
ტერიტორიული თავდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის ძალების ფორმირებისას, დამატებით პრინციპებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მათი უნარი, უზრუნველყონ:
- ქვეყნის დაცვისათვის ფსიქოლოგიური მზაობა;
- სახელმწიფო მართვის ქმედითუნარიანობა;
- ეკონომიკის ქმედითუნარიანობა;
- ხანგრძლივი პერიოდით საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა;
გამოყენებული ლიტერატურა
1. Генерал-майор в отставке Альфред Вейдеман. Каждый человек на своем посту, კრებულში: Итоги Второй мировой войны. Выводы побеждённых, СПб.: Полигон; М.: АСТ, 1998, გვ. 287-296 ( ორიგინალი – Bilanz des Zweiten Weltkrieges. Erkentnise und Verpflichtungen fur die Zukunft. — Hamburg, 1953)
2. Horst Mendershausen. Territorial Defense in NATO and Non-NATO Europe. A report prepared for OFFICE OF THE ASSISTANT SECRETARY OF DEFENSE/INTERNATIONAL SECURITY AFFAIRS. February 1973.
3. Руслан Жангазы. РОЛЬ И МЕСТО ФОРМИРОВАНИЙ ТЕРРИТОРИАЛЬНОЙ ОБОРОНЫ В СИСТЕМЕ ОБЩЕГОСУДАРСТВЕННЫХ ОБОРОННЫХ И ВОЕННЫХ МЕРОПРИЯТИЙ. ЗАРУБЕЖНЫЙ ОПЫТ
4. Г. С. КОТАНДЖЯН, О ПРОБЛЕМЕ ОРГАНИЗАЦИИ ТЕРРИТОРИАЛЬНОЙ ОБОРОНЫ ГОСУДАРСТВА НА ПРИМЕРЕ ИЗРАИЛЯ
5. Как устроена система территориальной обороны Литвы
6. John M. Collins. MILITARY STRATEGY: Principles, Practices, and Historical Perspectives. Washington, C. Potomac Books, Inc. 2002 (2008)
7. Clausewitz, Carl von. On War [1832]. Howard, Michael, Editor and translator; Paret, Peter, Editor and translator (1989) Princeton, NJ: Princeton University Press, 1989
8. Total Defence. Encyclopedia about Estonia.
9. The 5 Pillars of Total Defence.
10. დავით თევზაძე. ტერიტორიული თავდაცვის სისტემის ისრაელური მოდელის საქართველოსთვის ადაპტირების შესახებ (ანგარიში)
ავტორი – დავით თევზაძე
ფილოსოფიის დოქტორი, თადარიგის გენერალ-ლეიტენანატი
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.