დავით კირკიტაძის სასამართლო

გურჯაანის სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ მხარემ ახალი გარემოებები ვერ წარადგინა. მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა პროტესტი. დარბაზი ოპოზიციის დეპუტატებმა დატოვეს. სასამართლოსთან საქართველოს პარლამენტის 30-მდე წევრი და ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომლებმაც კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას მოაწერეს ხელი.

შეგახსნებეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.