დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძეც დაიკითხა. რა შეკითხვები დაუსვეს ყოფილ მინისტრს, უცნობია, ის ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც საგამოძიებო უწყებაში გამოიკითხა. ცნობილია კიდევ ერთი გამოკითხული მოწმის ვინაობა. ჩვენება მისცა 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჯანელიძემ, რომელიც იმ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. გამოძიება დავით გარეჯის საქმეზე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედებების ფაქტზე მიმდინარეობს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ მოპოვებული კარტოგრაფიული რუკების საფუძველზე. ბიზნესმენი, რომელმაც რუკების დედნები მოიპოვა და ქართულ მხარეს გადასცა, უკვე საქართველოშია და ის დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს.