დაურ ბუავას საქმეზე ერთი პირია დაკავებული
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ არხს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ბუავას ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. პირველადი ინფორმაციით, ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
დაურ ბუავა, რამდენიმე წლის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.