დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე
ორი მუხლით დაწყებული გამოძიება და ერთი ბრალდებული – დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ცნობით, სწორედ მისი გამოკითხვისას დადგინდა, რომ გარდაცვლილი კრიტიკულად მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ბუავას მეგობარმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს კითხვები აქვს და არ გამორიცხავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.
ბლოგერი დაურ ბუავა 28 აგვისტოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. ბლოგერი თბილისში 2021 წელს ტყვარჩელიდან ჩამოვიდა. ის სოციალურ ქსელში ქართველებისა და აფხაზების მეგობრობის შესახებ ვიდეოებს აქვეყნებდა.