დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე – სასამართლო პროცესი
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, პროკურატურამ კიდევ ორ პირს წარუდგინა ბრალი – აფხაზი ბლოგერის განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს კი სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიებების სახით, პატიმრობა შეუფარდა. უკრაინის მოქალაქე, ვალერია კირლიუკი პროცესს არ დასწრებია. ადვოკატის ინფორმაციით, ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს და დუმილის უფლებით სარგებლობს.
შეგახსენებთ, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი – ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც. სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.