დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე – სასამართლო პროცესი
აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების რეზონანსული საქმე – დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა. დაურ ბუავას საქმეს უკვე სამი ფიგურანტი ჰყავს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ ორი პირი. გამოძიება ამბობს, რომ სწორედ ერთ-ერთი მათგანისგან შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო ბუავამ.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს 29 აგვისტოს დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, რომელმაც, გამოძიების ცნობით, ბლოგერი განსაცდელის დროს მიატოვა და შესაბამისი დახმარება არ აღმოუჩინა. საუბარია ვალერია კირლიუკზე, რომელიც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებშიც ფიგურირებს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ქალმა ბლოგერის საცხოვრებელი სახლი მაშინ დატოვა, როცა ბუავა ჯერ ისევ ცოცხალი იყო, თუმცა, სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. კირლიუკი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
გარდაცვლილი ბლოგერის ადვოკატი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება. თავის მხრივ, პროკურატურაც რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. 28 წლის ბლოგერი რამდენიმე დღის წინ თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.