დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე – პროკურატურა ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს

18:01, 30.08.2026

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვალერია კირილიუკს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყებამ ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებებიც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, რაც მან და დაურ ბუავამ ერთად მოიხმარეს. ასევე, ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაკავებული ქალი განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ გონზე არ იყო. ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა დაურ ბუავას მიერ ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ს მოხმარების და ალკოჰოლის მიღების ფაქტები, ხოლო მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”. საგამოძიებო უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები, სადაც გარდაცვლილისა და ბრალდებულის გადაადგილებაა ასახული. ჩანაწერებითვე დასტურდება, რომ 25 აგვისტოს, 09:43 საათზე დაურ ბუავას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ტოვებს ბრალდებული რომელიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ შეუძლოდ არის და მას სადარბაზოში მყოფი ადგილობრივი მაცხოვრებლები ეხმარებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულია დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ კორპუსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. ასევე, ამოღებულია დაურ ბუავას და საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა, დანიშნულია და ტარდება შესაბამისი სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კი, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მსგავსი