დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა
თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებაზე სამხედროები უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შეკრებილებმა პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, სამშვიდობო მისიებში, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედროებისთვის ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერეს და სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.