დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვითარება ღამის 10 საათის შემდეგ დაიძაბა. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის და პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნის გასაპროტესტებლად შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ადგილზე იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს და პარლამენტის თავმჯდომარის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადგილზე მყოფებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ პარლამენტთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი, ტექნიკა და სპეცრაზმი გამოჩნდა. ადგილზე მივიდა გიორგი გახარიაც, რომელმაც აქციაზე შეკრებილებს ძალადობისგან და შტურმისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ამ განცხადებების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა, დემონსტრანტთა ერთი ჯგუფი მიმდებარე ქუჩებზე პროტესტის გამოხატვას დილამდე განაგრძობდა.