დაპირისპირება პარლამენტში

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე დღეს მინისტრის საათის ფორმატში კულტურის მინისტრი იყო მისული. სხდომის დაწყებისთანავე ოპოზიციამ დღის წესრიგის შეცვლა მოითხოვა. მათი შეფასებით, კულტურის მინისტრის მოსმენის ნაცვლად კანონმდებლებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილებას შეეხება, დებატები უნდა გაემართათ. მინისტრის საათის დაწყებისას კი ტრიბუნასთან ასულ კულტურის მინისტრს ოპოზიციის წევრები მიუახლოვდნენ და გაშალეს პლაკატი „ქართული ოცნების“ ლოგოთი და რუსული წარწერით. ოპოზიციის დეპუტატები არ აძლევდნენ მინისტრს საკუთარი მოხსენების გაგრძელების საშუალებას. ვითარების დარეგულირებისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მოუხმო. ოპოზიციის ქალ დეპუტატებს კი გაშლილი პლაკატი უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ წაართვა. დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. მიკროფონის გარეშე სხდომათა დარბაზში განცხადებების გაკეთების გამო სპიკერმა შენიშვნა მისცა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს. მოგვიანებით ვაშაძეს დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს. პროტესტის მიზნით პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციის სხვა წევრებმაც დატოვეს.