დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში
შექმნიდან რვა დღეში ახლად ფორმირებულ ოპოზიციურ ალიანსში შიდა დაპირისპირებაა.
ერთობის წევრი ორი პოლიტიკური ძალის ლიდერები ერთმანეთს საჯაროდ დაესხნენ თავს. შეურაცხმყოფელი განცხადებებით და ეპითეტებით ამჯერად ერთმანეთს „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ, პეტრე ცისკარიშვილმა მიმართეს. დაპირისპირებამ იმდენად მძიმე ფორმა მიიღო, რომ ყოფილ სახელისუფლებო პარტიას სპეციალური განცხადების გავრცელება მოუხდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ წევრს ათი დღის წინ ხელმოწერილი შეთანხმების პირობები და ქცევის წესები შეახსენა. საჯარო თავდასხმებმა კიდევ ერთხელ გააქტიურა შეკითხვა – რამდენად მყარია იმ პოლიტიკური სუბიექტების ახლად დაფუძნებული გაერთიანება, რომელიც წლების წინ ერთ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებულნი და როგორ ესახებათ მასში გაწევრიანებულ ოპოზიციურ ძალებს მსგავსი შიდა დაპირისპირებების ფონზე ხელისუფლების შესაცვლელად მომზადებული და ერთმანეთთან შეთანხმებული სტრატეგიის რეალობად ქცევა. დღევანდელმა ფაქტმა სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაუღრმავა იმ ოპოზიციურ აქტორებსაც, რომლებიც დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმებით ერთობის მიღმა დარჩნენ.