დაპირისპირება ოპოზიციაში
გამოეყოფა თუ არა სამი თვის წინ შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“ – გადაწყვეტილების მიღება პარტიას, დიდი ალბათობით, ყრილობის ან პოლიტსაბჭოს ფორმატში უახლოეს პერიოდში მოუწევს. ყოფილი მმართველი პარტია ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება, თუმცა აქტუალობას არ კარგავს ოპოზიციურ ერთობასთან გამწვავებული ურთიერთობაც. ალიანსში მყოფი ერთ-ერთი პარტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თავდასხმების სამიზნე გახდა, „ახალია“. ნიკა გვარამია ამბობს, რომ რეაგირება მისი გუნდიდან არ იქნება, თუმცა დასძენს, რომ შიდა დაპირისპირებებით „ნაციონალური მოძრაობა“ თავად იზიანებს თავს. თავის მხრივ პარტიის და მის პატიმრობაში მყოფი ლიდერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ დაძაბულობის ვერ აღმოფხვრის შემთხვევაში ალიანსის დატოვება გარდაუვალი იქნება. პარტიაში არ უარყოფენ, რომ ამ პოზიციას მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ეთანხმება. ირკვევა ისიც, რომ ლიდერთა ნაწილი არც ალიანსის შექმნის დროს და არც ახლა გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის მომხრე არ არის.