დაპირისპირება ოპოზიციაში 

ოპოზიციურ ალიანსში არსებული დაპირისპირება ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე ფორმას იღებს.

კარისკენ არაერთხელ მითითების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამი თვის წინ შექმნილი გაერთიანების დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს. პარტიის პატიმრობაში მყოფი ლიდერი საჯაროდ აკრიტიკებს და იწუნებს ალიანსის სამოქმედო სტრატეგიას, თავს ესხმის წევრი პოლიტიკური ძალების ლიდერებს და ერთმანეთზე თავდაუსხმელობის შეთანხმებას არღვევს, თუმცა ალიანსში ჯერ მაინც რჩება – როგორც ჩანს, ფორმალურად. სწორედ ფორმალობად აცხადებს მის გაერთიანების რიგებში ყოფნას პარტია „ახალი“, რომლის ლიდერები ყოფილი პრეზიდენტის ბოლო თავდასხმების სამიზნეები გახდნენ. ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობასა და შეხვედრებში საერთოდ არ მონაწილეობს. მაშინ როცა ალიანსი ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე საუბრობს, ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად პარტიის გაძლიერებაზე მუშაობს, აკრძალვის შემთხვევაში განახლების გეგმას ამუშავებს, ახალ თავმჯდომარეს ეძებს და რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს.