დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

როგორ გააგრძელებენ დაპირისპირებული მხარეები მუშაობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ – პარტიაში ღია დაპირისპირების ფონზე ახლა ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და აზრთა სხვადასხვაობისა, პარტიიდან წასვლას არავინ აპირებს, უფრო მეტიც, მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მხარეებს შორის კონსულტაციები შედგეს და ელიან იმასაც, რომ ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები პარტიაში გაითვალისწინებენ მათ შეთავაზებას ამ ეტაპისთვის მოქმედი პოლიტსაბჭოს ანულირებისა და ძველი შემადგენლობის დაბრუნების თაობაზე.

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება და ფლანგები არ არსებობს. მათი თქმით, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პარტია ინარჩუნებს ერთიანობას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეფასებების თემაა სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც.