დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გრძელდება შიდა დაპირისპირება. ნიკა მელიას გუნდი პარტიის ცენტრალურ ოფისში აღარ დადის და პარტიულ აქტივსა და მხარდამჭერებს ცალკე ოფისში ხვდება, რასაც პარტიის მეორე ნაწილი უარყოფითად აფასებს. ნიკა მელიამ ოფისის გახსნის საჭიროება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობით ახსნა, რომელიც მისი თქმით, წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარდა. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის პოზიციას, ახალმა თავმჯდომარემ თანაპარტიელებს შეახსენა, რომ მაღალი ლეგიტიმაციით არის არჩეული და უთხრა, რომ შეუძლიათ პარტიის ოპონირება სხვა პოლიტიკური ძალიდან განაგრძონ. თავის მხრივ, მელიას ფრთა ახალ თავმჯდომარეს განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგეს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით კი, პარტიაში არანაირი გახლეჩის პროცესი არ მიმდინარეობს. ამასთან, ბეჟაშვილმა რეალობასთან შეუსაბამო უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ინგლისურის არცოდნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება.