დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

შიდაპარტიული არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ურთიერთბრალდებები ისმის როგორც კანდიდატების მისამართით, ასევე ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურებულია. ის ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერად მოიაზრება.  მერაბიშვილსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის შესაძლო თანამშრომლობაზე წერს ნიკა მელიას თანამოაზრე, გიორგი რურუა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს 28-29 იანვარს აირჩევს. ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ზღვარზეა. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ახლა ოპოზიციურ პარტიაში კლანური დაპირისპირებაა.