დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. უკვე დადასტურებულია, რომ პროცესი სრულად ელექტრონული ფორმით გაიმართება, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია კენჭისყრის თარიღი და ასევე, – საჯარო იქნება თუ არა ხმის მიცემის პროცესი. უცნობია ისიც, რომელ პლატფორმაზე წარიმართება არჩევნები. მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება, სადაც კონკრეტულ პრეზენტაციებს წარადგენენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებებს პოლიტსაბჭოზე, პარასკევს დაამტკიცებენ. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მსურველთა სიას შესაძლოა, ერთი კანდიდატი დაემატოს. საუბარია ზურაბ ჭიაბერაშვილზე, რომელმაც საკუთარი პოზიციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.