დაპირისპირება კიევის ოლქში
კიევთან ახლოს, პეტროპავლივკა-ბორშაგივკაში, კერძო სახლთან მწვავე დაპირისპირება მოხდა. შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ სახლში ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და სცემდნენ. ეროვნული გვარდიის სარდალი ამბობს, რომ ეს „აზოვის“ პირველი კორპუსის დროებითი განლაგების პუნქტია, სახლში კი 18 სამხედრო იმყოფება. სიტუაცია გასულ საღამოს დაიძაბა – გაისმა გასროლის ხმა, მოქალაქეებმა პოლიციის ავტობუსი დაამტვრიეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილზე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ჩავიდა, ხალხს დაშლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საქმეს პირადად აკონტროლებს. გამოძიებას გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო გამოძიების ბიურო დაიწყებს.
კირილო ბუდანოვის თქმით, ადგილიდან 14 წლის ბიჭი გამოიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნაცემი იყო, თუმცა ცოტა ხნით ადრე, იგივე ბავშვი სამართალდამცველებს აგურებს ესროდა. ბუდანოვს მიაჩნია, რომ მოვლენები სპონტანურ აქციას არ ჰგავდა და დაგეგმილი იყო. პოლიცია ადამიანების უკანონო დაკავებისა და ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
ეროვნული გვარდიის სარდლის თქმით, ოთხი სამხედრო, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.