დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში – შეფასებები
ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ურთიერთბრალდებები ხელისუფლებასთან გარიგებას, სოლიდური თანხებით დაფინანსებასა და ოპოზიციური ერთობის მიზანმიმართულად ჩაშლას უკავშირდება. ნიკა გვარამია ახსნა-განმარტებების წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბრალდებები ხელისუფლებასთან ნიკა გილაურის შუამავლობის და წინასაარჩევნოდ 40-მილიონიანი დაფინანსების მიღების შესახებ ცილისწამებაა. ნიკა გვარამია თავად სდებს ბრალს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილ „გირჩელებს“. გვარამიას სტატუსს უპასუხა ანა წითლიძემაც „გვარამიამ „თავის გამართლების სტატუსი“ დაწერა გილაურზე და 40 მილიონზე. მთელი სტრატეგია იმაზე ააგო, თურმე „გირჩები“ ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია. არ გამოუვა ეგ ამბავი,“ – წერს ანა წითლიძე. ის ასევე ყოფილ თანაპარტიელს სთხოვს, დაასახელოს ის კაცი, ვინც გილაურთან და ნახსენებ 40 მილიონთან მიიყვანა. ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებას აფასებენ მმართველ გუნდშიც.