დაპირისპირება და მასობრივი მკვლელობები სირიაში 

არეულობა და სამხედრო დაპირისპირება სირიაში. ბაშარ ასადის დამხობიდან სამი თვის შემდეგ ახალი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალები და ასადის მომხრე ყოფილი მებრძოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებები მიმდინარეობს ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მდებარე ლატაკიასა და ტარტუსში. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 1 000-მდე ადამიანი. მოკლულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. უმრავლესობა სირიაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის, ალავიტების წარმომადგენლები არიან, რომელსაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახიც მიეკუთვნებოდა. სირიის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ძალადობის ქმედებებზე პასუხისმგებლობა ქვეყანაში დარჩენილ ასადის რეჟიმის მომხრეებს დააკისრა, რომლებიც იარაღის დაყრაზე უარს ამბობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი მეთაური ასადის არმიის ყოფილი გენერალია, რომელიც ახალი მთავრობის წინააღმდეგ ამბოხის მოწყობას აპირებს. სირიაში განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ვაშინგტონი სირიის დროებით მთავრობას მასობრივი მკვლელობების ჩამდენების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.