დაპირისპირება და ცვლილებები ოპოზიციაში
შიდა კრიზისული სიტუაციის განმუხტვას და ვითარების ნორმალიზებას „ნაციონალური მოძრაობა“ განახლებით და რეფორმით ცდილობს.
სწორედ განახლება და ძირეული ცვლილებებია ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილის ბოლოდრინდელი მთავარი მოწოდება. ყოფილი პრეზიდენტის პარტია მართვის ელექტრონულ მოდელზე გადასვლას აანონსებს, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრების და მხარდამჭერების აქტიურად ჩართვას გულისხმობს. მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილებების ვიწრო წრეში მიღება ერთ-ერთი მიზეზია, რასაც ლიდერთა ნაწილი შიდა უთანხმოების გამომწვევ ფაქტორად ასახელებს. ასეთ საკითხად იქცა თავის დროზე ალიანსში გაწევრიანებაც, რასაც, როგორც ირკვევა, ლიდერების ნაწილი მხარს არ უჭერდა და ალიანსში დარჩენას არც ახლა ემხრობა. იცვლება დაფინანსების წესი. მართვის ახალი, ციფრული მოდელი დღეს ანა წითლიძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა წარადგინეს, პრეზენტაციას არ ესწრებოდა მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელსაც თავმჯდომარეობის ვადა 8 ივლისს ეწურება. მოახლოებული არჩევნების ფონზე ახლა მთავარი კითხვაა, ვინ გაატარებს პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებულ ახალ რეფორმას – ფაქტია, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატის გარშემოც პარტიის შიგნით ერთიანი პოზიცია არ არის.