დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში. მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა საკრებულოს სხდომაზე ისევ ვერ დამტკიცდა, ეს კი დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღეს სხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.

საკითხის განხილვას სხდომაზე მყოფი მერიის თანამშრომლების მხრიდან, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია, განაგრძობენ თუ არა მერიის თანამშრომლები მუშაობას, რომლებსაც ხელფასები უკვე მეორე თვეა არ აუღიათ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

„ქართული ოცნება“ ბორჯომის საკრებულოში უმცირესობაშია და 13 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ისინი სხდომებს არ ესწრებოდნენ.

ბორჯომის საკრებულოს ბოლო ოთხი სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. იმ მიზეზით, რომ საკრებულოში ხელფასების რეგულირების საკითხი და საშტატო ნუსხა არ დამტკიცებულა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ ხერხდება.

ბორჯომის მერიის თანამშრომლები ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.