დაპირისპირება აქციაზე – შეფასებები
აქცია, რომელიც ერთიანობის სიმბოლო უნდა გამხდარიყო, გუშინ დაპირისპირების მიზეზი გახდა. თითქმის თვე-ნახევრიანი მზადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და მცირე ფიზიკური დაპირისპირების ფონზე გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა მსვლელობა სამი ლოკაციიდან მოაწყვეს. „ოპოზიციური ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ. საბოლოო ადგილი კი თავისუფლების მოედანი იყო, სადაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ორგანიზატორებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სცენაზეც არ აუშვეს. აქტივისტებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერებიც. მათ შორის ტრადიციულად, ისევ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი პოსტერები და სააკაშვილის გამოსახულებით დროშები იყო წარმოდგენილი.
სწორედ სააკაშვილის პლაკატების გამოჩენა გახდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ფედერალისტებს“ და აქციის სხვა მონაწილეებს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი.
„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების საწინააღმდეგო პლაკატები გამოიტანა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იყვნენ გამოსახული წარწერით: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, – სწორედ ეს ბანერი გახდა დაპირისპირების მიზეზი თავისუფლების მოედანზე. საბოლოოდ აქცია შეკრებიდან რამდენიმე საათში დაიშალა.
ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც დარწმუნებული არიან, რომ ერთად თუ ცალ-ცალკე, ოპოზიციის წარმომადგენლები მაინც ქვეყნის საზიანოდ, გარე ძალების დავალებების შემსრულებლები არიან.