დაპირისპირება 9 მარტის ბაღში

9 მარტის ბაღში მოვაჭრე მხატვრებსა და მშრალი ხიდის გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მხატვრების ნაწილი ბაღის ტერიტორიაზე მოვაჭრეთა გადაყვანას აპროტესტებს. მათი განცხადებით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მშრალი ხიდის მოვაჭრეები მერიის წარმომადგენლებმა დროებით მათ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის გამოც მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და ტურისტების დაინტერესებას ვეღარ ახერხებენ. მშრალი ხიდის მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ ისინი დროებით დედაენის ბაღში მუშაობდნენ, თუმცა ხეების ჭრის გამო ტერიტორიის დატოვება მოუხდათ და მზად არიან, მერიის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში უკან დაბრუნდნენ.

9 მარტის ბაღში დაპირისპირება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მოვაჭრეები მერიისგან პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.