„ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. ჩვენ გელოდებით სამშობლოში, თქვენ ჩვენთვის დიდი საუნჯე ბრძანდებით, სულიერი საუნჯე, ეროვნული საუნჯე,“ – ასე მიმართავდა პატრიარქი ქართველ ემიგრანტებს. ის სამშობლოდან შორს მყოფ თანამოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, მფარველობდა და ხშირად აღნიშნავდა მათ როლსა და მნიშვნელობას საქვეყნო საქმეებში. მოუწოდებდა სასულიერო პირებს, რომ განსაკუთრებით ეზრუნათ ემიგრანტებსა და მათ ოჯახებზე: „უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო, ძალიან მიყვარხართ და ვოცნებობ თქვენთან შეხვედრაზე. ეცადეთ, არ ჩააქროთ თქვენი თბილი კერა საქართველოში და ასწავლეთ თქვენს შვილებს ქართული ენა და ისტორია, ლიტერატურა… ხშირად ჩამოდით სამშობლოში,“ – პატრიარქის ასეთი რუდუნებითა და ლოცვა-კურთხევით ნასაზრდოები ემიგრანტების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა, დაბრუნდა მასთან გამოთხოვებისთვის. ნაწილი კი უწმინდესს სამშობლოდან შორს გლოვობს, იქ, სადაც როგორც თავად ამბობენ, მუდვივად გრძნობდნენ პატრიარქის მზრუნველობასა და უდიდეს სიყვარულს.