საქართველო მამუკა ჩარკვიანს დაემშვიდობა. ის ბოლო გზაზე ტაშით და თავისუფლების ჰიმნით გააცილეს.
მამუკა ჩარკვიანი იყო კომპოზიტორი და შემსრულებელი, რომლის სიმღერებსაც მთელი საქართველო მღერის. 1995 წლიდან დაიწყო აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობა. მისი რეპერტუარის დიდი ნაწილი მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მოიცავს. გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 1999 წელს მიენიჭა მეოცე საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის „მაღლა და მაღლა“. მოგვიანებით გადაეცა „ოქროს დისკი“ წლის საუკეთესო სიმღერებისთვის – „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“ და „დედის ჯერი“.
მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.