პოლიტიკური დღის წესრიგის კიდევ ერთი თემა ხდება 26 მაისისთვის მზადება.
სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულმა გეგმამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გარშემო გარკვეული ინტერპრეტაციები გააჩინა. მითუმეტეს, 9 აპრილს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ოპოზიციასთან ხუთთვიანი კონსულტაციების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა 26 მაისის მოსამზადებელ კომიტეტს ქმნის. დაკონკრეტების გარეშე ამ კომიტეტის შემადგენლობაში ექს-პრეზიდენტმა საზოგადოების წარმომადგენლები დაასახელა. გეგმა დესტაბილიზაციის ნაწილად უკვე შეაფასა მმართველმა პარტიამ, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას თავისუფლების და ორბელიანების მოედნებზე აპირებს. კომიტეტი და მისი მიზნები, როგორც ჩანს, მიუღებელი და გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვისაც. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ზურაბიშვილის პლატფორმაში საერთოდ აღარ არის ჩართული.