ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხები შეათანხმეს. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. განცხადების მიხედვით, მხარეებს ჰქონდათ ვრცელი დისკუსია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თავდაცვის გაძლიერების მიზნით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე და მილიონობით ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაზე, რომლებიც იძულებულები გახდნენ თავიანთი სახლები დაეტოვებინათ. განხილვის თემა იყო რუსეთის შეჭრით გამოწვეული, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებიც.